
აზერბაიჯანი ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შეფერხებას არ გამორიცხავს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილაიათ გულიევი არ გამორიცხავს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა „შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაზე მოახდინოს ზეგავლენა“.
„ჩვენ [აზერბაიჯანის ხელისუფლება] არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს ბოლო დროინდელმა მოვლენებმა შესაძლოა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადებს პრობლემები შეუქმნას“, – აცხადებს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის დაძაბულობის ესკალაცია ხელს შეუწყობს ახალი სეპარატისტული მოძრაობის წარმოშობას სამხრეთ კავკასიაში.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებას და პრობლემების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას. ჩვენ ნებისმიერი კონფრონტაციის და სამოქალაქო ომის წინააღმდეგ გამოვდივართ“, – დასძინა მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და პრობლემას მოლაპარაკებების გზით მოაგვარებს.