
ევროპის საბჭო აჭარაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია
ევროპის საბჭოს გენერალურიმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა დღეს შეშფოთება გამოთქვა საქართველოში განვითარებული დაძაბულობის გამო და მოუწოდებს აჭარისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს დიალოგისკენ.
«შეშფოთებული ვარ თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბული ურთიერთობების ესკალაციით», განაცხადა ვალტერ შვიმერმა.
«მივმართავ ჩემს მეგობრებს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ასლან აბაშიძეს თავი შეიკავონ ძალადობისგან და დაიწყონ ნამდვილი დიალოგი და არა სიტყვიერი ომი. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა და უნდა დაემორჩილოს დემოკრატიის პრინციპებს,» – დასძინა მან.
ვალტერ შვიმერმა გაიხსენა თავისი ვიზიტი თებერვალში, როდესაც ის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების თვითმხილველი გახდა ბათუმში და განაცხადა: «მე ვუთხარი თბილისსა და ბათუმს, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულებების გამოსახატავად უნდა გამოვიყენოთ სიტყვები და არა მუშტები, ხელკეტები და იარაღი. საბოლოო ვერდიქტს კი საარჩევნო ყუთი გამოიტანს».
«ვიმეორებ თებერვალში გამოთქმულ ჩემს წინადადებას:ბათუმმა და თბილისმა ურთიერთობის მოსაგვარებლად კანონპროექტებზე უნდა იმუშაონ. ევროპის საბჭო მოავლენს საუკეთესო ევროპელ ექსპერტებს ჯანსაღი და ქმედითუნარიანი სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად აჭარის ავტონომიისათვის,» – განაცხადა ვალტერ შვიმერმა.