Placeholder canvas
ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ბასილ მკალავიშვილი დააპატიმრეს

სამართალდამცავი ორგანოების მიერ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გლდანის ეპარქიის მოძღვარი, საპატრიარქოს მიერ განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი დააკავეს.


გამთენიისას სპეზრაზმმა გლდანის ეკლესიას ალყა შემოარტყა და ეკლესიაში მყოფი ბასილ მკალავიშვილი დაკავა. ასევე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს მრევლს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დღევანდელ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ხელმძღვანელობდნენ.


ბასილ მკალავიშვილზე სამი თვის წინ ძებნა იყო გამოცხადებული. მას ვაკე-საბურთალოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბასილ მკალავიშვილს და მის მომხრეებს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დარბევასა და იაღოველთა ლიტერატურის დაწვაში ედებათ ბრალი. 


11 მარტს ბასილ მკალავიშვილს სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენციის ჩატარება სურდა, თუმცა იგი შენობაში არ შეუშვეს. ბასილ მკალავიშვილის განცხადებით, იგი კვლავ დაიწყებს მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას და რელიგიურ უმცირესობის წინააღმდეგ ბრძოლას.


მკალავიშვილის ადვოკატმა დავით ჯალაბაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ ბასილ მკალავიშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და იგი ძებნაში აღარ იმყოფება.

მსგავსი/Related

Back to top button