
აბაშიძე აჭარაში მიტინგის ჩატარებას კრძალავს
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 12 მარტს ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა და საპროტესტო აქციების ჩატარება რეგიონში იკრძალება.
ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ მომავალ კვირას აჭარაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს. მოძრაობის ლიდერთა განცხადებით, ისინი 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიას იწყებენ.
ასლან აბაშიძის თქმით, „აჭარაში ე.წ. ვარდების რევოლუცია იგეგმება, რასაც აჭარის ხელისუფლება არ დაუშვებს“.
„ჩვენ მხოლოდ ვაფრთხილებთ მათ [ოპოზიციის წარმომადგენლებს], საპროტესტო აქციები არ ჩატარდება, სანამ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული“, – განაცხადა აჭარის ლიდერმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ და აჭარის რეგიონალურ ხელისუფლებებს შორის დაძაბულობის თაობაზე შეშფოთება გამოთქვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისი სპეციალურად ამზადებს თავის სამართალდამცავ სტრუქტურებს და საპროტესტო აქციებს გეგმავს ბათუმში, „აჭარის კანონიერი ხელმძღვანელობის ჩამოგდების მიზნით“.