
მთავრობამ ფინანსური ამნისტიის საკითხი განიხილა
საქართველოს ახალი მთავრობის წევრებმა დღეს ფინანსური ამნისტიის საკითხი განიხილეს, რომელიც იმ ბიზნესმენებს შეეხებათ, რომლებიც 1 აპრილამდე ადრე დამალული გადასახადების ლეგალიზაციას მოახდენენ.
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ფინანსური ამნისტიის იურიდიულ საფუძველს მოამზადებდა.
მან ასევე განაცხადა, რომ ამიერიდან კერძო საწარმოში შესასვლელად საგამოძიებო ჯგუფს უნდა ჰქონდეს გენერალური პროკურორის, თბილისის პროკურორის ან სხვა რეგიონალური პროკურორის სანქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენებს ექნებათ უფლება ისინი საწარმოში არ შეუშვან.
„ჩვენ შევთანხმდით გენერალურ პროკურორთან და ამიერიდან ამ ქვეყანაში შემოვა ასეთი წესი“, – განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ.
„ჩვენ მზად ვართ კომპრომისზე წავიდეთ და ბიზნესმენებს ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ. მათ მხოლოდ უნდა გამოააშკარავონ ადრე დამალული გადასახადები და პატიოსნად იხადონ თანხები ბიუჯეტში“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 27 თებერვალს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ თუ ბიზნესმენები 1 აპრილამდე ობიექტურად შეავსებდნენ დეკლარაციას და ასევე გადაიხდიდნენ აქამდე დამალულ გადასახადებს, მათზე არ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე.