
ევროკავშირი საქართველოს არჩევნების მოსამზადებლად 1,3 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებლად 1,3 მილიონ ევროს გამოუყოფს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული არჩევნების დახმარების პროგრამის ფარგლებში.
„მარტის არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალი განვითარების ბედს, და ამ მიზნით საერთაშორისო საზოგადოება მზად არის დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნები ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტორბენ ჰოლცემ 27 თებერვალს არჩევნების მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის დახმარება ძირითადად მიმართულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტექნიკური და იურიდიული აღჭურვისთვის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ევროკავშირმა 700,000 ევრო გამოყო.