
აშშ-ის დახმარება საქართველოს უსაფრთხოების სფეროში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზაზა კანდელაკმა და აშშ-ის ელჩის მოადგილემ პატრიცია მოლერმა 26 თებერვალს ხელი მოაწერეს განზრახვების მემორანდუმს, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისადმი უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაგრძელებას გულისხმობს. დახმარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტი-ტერორისტული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, 1994 წლიდან პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების 528 წარმომადგენელმა გაიარა მომზადება. განზრახვების მემორანდუმი ამ დახმარების გაგრძელებას ითვალისწინებს.
პროგრამის კურსები ითავლისწინებს აეროპორტების უსაფრთხოების მართვას, ტერორისტული დანაშაულის ადგილის გამოძიებას, ნავთობობიექტების უსაფრთხოებას და სხვა.
მიმდინარე კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციისა და ალკოჰოლის, თაბქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროს წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და უშიშროების თანამშრომლებთან პროგრამის შესაძლო გაფართოების თაობაზე.
მომავალ კვირას საქართველოს მთავრობის 24 წარმომადგენელი ამერიკული პროგრამის ოთხკვირიან კურსებში მიიღებს მონაწილეობას ნიუ-მექსიკოში.
„ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების გატარებაში. განზრახვების მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია“, – ნათქვამია პრესრელიზში.