
ჟვანია: მმართველი კოალიციის ერთიანობას საფრთხე ემუქრება
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მმართველი კოალიციის ერთიანობას საარჩევნო სიებზე შეუთანხმებლობის გამო საფრთხე ემუქრება“.
წინასწარი ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას 60% სურს საარჩევნო სიაში, ხოლო დანარჩენი 40% ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ უნდა გადაინაწილონ.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თავიანთი მხარდამჭერი შეიყვანონ სიებში, რათა ძლიერი დასაყრდენი ჰქონდეთ პარლამენტში.
„ვფიქრობ ნაციონალური მოძრაობა კომპრომისზე უნდა წავიდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
დღესვე ნინო ბურჯანაძემ უკმაყოფილება გამოთქვა პარტიული სიების შედგენასთან დაკავშირებით.
“ჩემი სტილი არ არის პოლიტიკური ინტიგები, რომელთაც კულუარებში აქვთ ადგილი. რა თქმა უნდა მე დაინტერესებული ვიყავი პარლამენტში ჩემი მხრიდან მეტი ადამინი მოხვედრილიყო, პირადად ჩემი თანამებრძოლებისა და გუნდის თითოეული პირის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ გამაჩნია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა თუ პარლამენტში პროფესიონალი და საქმის მცოდნე ხალხი მოხვდებოდა”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 26 თებერვალს.
მან ასევე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიამ მისი წინადადებების გათვალისწინებაზე უარი თქვა.