
ახალი ხელისუფლება სამოქალაქო ომის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა, რომელიც 1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებულ მოვლემებს შეისწავლის.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც 1994 წელს დასავლეთ საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, 1991 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს, რასაც შემდეგ, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, სამოქალაქო დაპირისპირება მოყვა.
პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება იმ ეროვნული შემრიგებლობის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მისი პრეზიდენტობის პირველი დღიდანვე დაიწყო, როდესაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ეროვნული თანხმობის შესახებ.
დეკლარაციის თანახმად, ზვიად გამსახურდიას 30-მდე მხარდამჭერი შეიწყალეს. ყველა მათგანი 90-იანი წლების სამოქალაქო არეულობის დროს დააპატიმრეს.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, კომისია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებსაც შეისწავლის. ოფიციალური ინფორმაციით, გამსახურდიამ თავი მოიკლა; თუმცა, მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ იგი მოკლეს.
კომისიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის წევრები იქნებიან გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და ასევე გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია.