
პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ხელშეკრულებები უცხოურ ავიაკომპანიებთან
ახლანდელი პარლამენტის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა ვერ დაამტკიცეს ხელშეკრულებები ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ თურქულ და ბრიტანულ ავიახაზებს შორის.
სარეიტინგო, არაოფიციალურმა კენჭისყრამ უჩვენა, რომ დარბაზში არ იმყოფებოდა ხელშეკრულების დასამტკიცებლად საჭირო დეპუტატთა რაოდენობა.
საქართველოს ხელისუფლებამ „ბრიტანული ავიახაზებისა“ და „თურქეთის ავიახაზების“ ლიცენზიები 15 აპრილს გააუქმა. მან თავისი გადაწყვეტილება გადასახადების გადაუხდელობით, არაადეკვატური საკანონმდებლო ბაზით და ქართულ კომპანია „აირზენასთან“ საკამათო საკითხების მოუგვარებლობით ახსნა.
„თურქეთის ავიახაზებმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან და „აირზენასთან“ მიღწეული შეთანხმების შემდეგ აღადგინა საჰაერო მიმოსვლა სტამბული-თბილისის მიმართულებით. თუმცა „ბრიტანული ავიახაზების“ საკითხი კვლავ მოუგვარებელია.
„ნამდვილად ვწუხვარ, რომ პარლამენტმა ვერ დაამტკიცა ეს ხელშეკრულებები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალმა პარლამენტმა [რომელიც 28 მარტს აირჩევა] პირველივე სხდომაზე მოახდინოს ამ დოკუმენტების რატიფიცირება“, – განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.