ახალი ამბები

ბურჯანაძემ ეუთო-ს პარლამენტარებს ახალი ხელისუფლების გეგმები გააცნო

ავსტრიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ საქართველოში მიმდინარე პროცესების და ახალი ხელისუფლების სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრა.


მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს ქვეყანაში წესრიგის დამყარება, კანონის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს.


ნინო ბურჯანაძე ასევე კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ კონფლიქტების მოუწესრიგებლობა ქმნის არა მარტო ეკონომიკურ, მორალურ და პოლიტიკურ პრობლემას, არამედ სოციალურსაც. არაკონტროლირებადი ტერიტორიები ხშირად ხდება კონტრაბანდის წყარო. 


“დღეს როდესაც არსებობს კონფლიქტების გადაჭრის პოლიტიკური ნება, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას და აქტიურ მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აფხაზეთს მიანიჭოს ყველაზე ფართო უფლებების მქონე ავტონომიის სტატუსი.


პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიასი ვიზიტის დროს შეხვდა ავსტრიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ანდრეას კოლს და ავსტრიის პარლამენტის მეორე თავმჯდომარეს, პრეზიდენტობის კანდიდატს ჰაინც ფიშერს, რომლებმაც თანამშრომლობა და დახმარება აღუთქვეს საქართველოს ხელისუფლებას.


ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 20-21 თებერვალს ჩატარდა.   

Back to top button