ახალი ამბები

აშშ საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარების პროგრამას გააგრძელებს

ამერიკის მხარე მზად არის საქართველოს სამხედრო სფეროში დახმარების პროგრამა გააგრძელოს. ამის შესახებ თავად აშშ-ს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლ ვულფოვიცმა განაცხადა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


“აპრილიდან დაიწყება ახალი სამხედრო პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სამხედროების გაწვრთნას ამერიკული მეთოდით. ამ პროგრამის შემდეგ გვეყოლება 5 ათასკაციანი, ამერიკული სამხედრო მეთოდით გაწვრთნილი ბრიგადა. ჩვენი თხოვნაა, რომ ამის შემდეგ გაიწვრთნას კიდევ 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც უკვე მეორე დღეა ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება.


მიხეილ სააკაშვილის თქმით, ასევე საუბარია ამერიკული მხარის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსურ დახმარებაზეც. ამის შესახებ სენატი დადგენილებას აპრილის თვეში მიიღებს. პრეზიდენტის ინფორმაციით, შესაძლებელია დახმარების პროგრამები მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განახლდეს.


მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში 23 თებერვალს ჩავიდა. მისი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button