ახალი ამბები

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღო







ხელისუფლება ევროსაბჭოს რეკომენდაციებს
გულგრილად ხვდება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 34 პარტიამ და 5 საარჩევნო ბლოკმა წარადგინა.

თუმცა, იმიხ მიუხედავად, რომ არჩევნებამდე ხუთ კვირაზე ნაკლები რჩება, ქვეყანაში სრულებით არ იგრძნობა არჩევნების მოახლოება – პარტიები წინასაარჩევნო კამპანიასაც კი არ აწარმოებენ.
 
ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების მმართველ კოალიციას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს. ეს ორი პარტია გაერთიანებას აპირებს, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი თვით ლიკვიდაციას გამოაცხადებს.
 
ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახალი ხელისუფლების ოპოზიციაში არიან, ჯერ კიდევ ვერ მოსულან გონზე ნოემბრის რევულუციის შემდეგ, რომელმაც მათ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. 
 
საარჩევნო ბლოკი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ტრადიციონალისტები, ასევე ახლად შექმნილი ბლოკი მემარჯვენე ოპოზიცია, რომელიც მრეწველებს და ახალ მემარჯვენეებს აერთიანებს, ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებებია, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
 
რესპუბლიკურმა პარტიამ და ეროვნულ ძალთა გაერთიანებამ, რომლებიც მანამდე ნაციონალურ მოძრაობაში ერთიანდებოდნენ, უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე.
 
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უამრავი დარღვევების გამო გააუქმა 2 ნოემბრის პროპორციული არჩევნების  შედეგები. ამგვარად, 28 მარტს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით, პარტიული სიებით, ჩატარდება.
 
შედეგად, პოლიტიკური პარტიები საკანონდებლო ორგანოში 150 ადგილისთვის იბრძოლებენ. 2 ნოემბრის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული 75 დეპუტატი შეინარჩუნებს ადგილს 235-კაციან პარლამენტში.  
 
პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ მმართველი კოალიციის გარდა, სხვა პარტიებმაც გადალახონ 7%-იანი ბარიერი.

ამგვარად, ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლები შიშობენ, რომ საქართველოს შესაძლოა ერთპარტიული პარლამენტი ჰყავდეს, რაც საკანონმდებლო ორგანოს დაბალანსებას შეუძლებელს გახდის.
 
ევროსაბჭომ უკვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეამციროს ბარიერი 4-5%-მდე, რაც ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს.
 
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა, რომელიც საქართველოში 18-20 თებერვალს იმყოფებოდა, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის არსებობა „არა მარტო ქუჩაში, არამედ პარლამენტშიც.“
 
მან განაცხადა, რომ ბარიერის შემცირება შესაძლებლობას მისცემს ოპოზიციას ჰყავდეს წევრები პარლამენტში.
 
თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხის მიმართ საკმაოდ გულგრილია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ბარიერის შემცირების წინააღმდეგია.
 
7%-იანი ბარიერის გადალახვასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად სააკაშვილი ურჩევს ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანდნენ და შექმნან ბლოკები საპარლამენტო არჩევნებისთვის. სხვათა შორის, ექს-პრეზიდენტი შევარდნაძეც ხშირად იგივე რჩევას აძლევდა ხოლმე ოპოზიციას (მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიას და სხვებს, რომელთაც ნოემბრის რევოლუცის შემდეგ ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება), თუმცა არჩევნების წინ ოპოზიცია ვერასოდეს ახერხებდა გაერთიანებას.     
 
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორჯერ გადაწია ბლოკების რეგისტრაციის საბოლოო ვადა. თუმცა, საბოლოო ვადის გასვლამდე [20 თებერვლამდე] მხოლოდ ორმა, ასე თუ ისე მნიშვნელოვანმა გაერთიანებამ, გაიარა რეგისტრაცია კომისიაში – ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველებისგან შემდგარმა მემარჯვენე ოპოზიციამ და ტრადიციონალისტებისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კავშირმა.

გარდა უზარმაზარი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, მმართველი კოალიცია მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ და სახელმწიფო რესურსებსაც ფლობს, რას ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს არჩევნებში. ამას გარდა, ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საარჩევნო ადმნისტრაციებს ყველა დონეებზე.

ევროსაბჭოსა და ეუთოს მოწოდებების შემდეგ, უზრუნველყოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციებში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას ორი ადგილი შესთავაზა დაბალი დონის საარჩევნო კომისიებში. თუმცა ხელისუფლება არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომიისის შემადგენლობა შეცვალოს, სადაც 15 ადგილიდან 8-ს ახალი ხელისუფლება აკონტროლებს.

დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც გაერთიანებული დემოკრატების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მმართველი კოალიცია მზად არის დათმობებზე წავიდეს დაბალი დონის კომისიებში.

„საოლქო და საუბნო კომისიებში, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობს, ჩვენ [ხელისუფლება] მზად ვართ უმცირებაში ვიყოთ“, – განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

თუმცა, ოპოზიციამ პრეზიდენტ სააკაშვილის „საჩუქარზე“ უარი განაცხადა. „ეს შემოთავაზება კანონში უნდა აისახოს. ამგვარად, საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა საარჩევნო კოდექსში“, – განაცხადა სოციალისტური პარტიის წევრმა ირაკლი მინდელმა.

თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად საკმარისი დრო არ რჩება.

საერთაშორისო საზოგადოება მოუთმენლად ელოდება 28 მარტის არჩევნებს, რადგანაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ხელისუფლების დემოკრატიულობაში რეალურ გამოცდას წარმოადგენს.

28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითზე საუბრისას ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები ევროსტანდარტების შესაბამისად ჩატარდებოდა. მან განსაკუთრებული ყურადღება ამომრჩეველთა ზუსტი სიების შედგენასა და საარჩევნო ადმინისტრეციებში პოლიტიკური ბალანსის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთკაციანი დელეგაცია მატიას იორშის ხელმძღვანელობით საქართველოში წინასაარჩევნო ვიზიტით 25-28 თებერვალს ჩამოვა და არჩევნების მომზადების პროცესს შეაფასებს.

მსგავსი/Related

Back to top button