ახალი ამბები

“ომეგას” ჯგუფის საპროტესტო აქცია

“ომეგა” ჯგუფის მხარდამჭერებმა დღეს ფირმის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვდნენ “ომეგას” დაქვემდებარებაში არსებული სტამბის ამუშავებას. აქციის მონაწილეებმა, რომელთაც “ომეგას” პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი ზაზა ოქუაშვილი ხელმძღვანელობდა, შენობის ეზოში შესვლა სცადეს, მაგრამ იქ მყოფმა შინაგანი ჯარის სპეცრაზმმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა და აქციის მონაწილეები შენობაში არ შეუშვა.


დღესვე “ომეგას” მხარდამჭერებმა აქცია გამართეს სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წინ და პირველი არხის წარმომადგენლებისგან პირდაპირ ეთერში ომეგას ჯგუფის წარმომადგენლების გამოყვანა მოითხოვეს.


“ომეგა” ჯგუფის ოფისებში ჩხრეკა სამართალდამცავმა ორგანოებმა ორი დღის წინ ჩაატარეს კონტრაბანდული სიგარეტის მოძიების მიზნით. ჩხრეკის შედეგად “ომეგას” მიერ დაფუძნებულ სტამბაში, სადაც ჟურნალი “ომეგა” და გაზეთი “ახალი ეპოქა” იბეჭდებოდა, აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით აქციზური მარკები. გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, აქციზური მარკები გამზადებული იყო კონტრაბანდულ სიგარეტზე დასაკრავად და სარეალიზაციოდ.


სტამბა დროებით გამოძიების მიმდინარეობის გამო დაიხურა.

მსგავსი/Related

Back to top button