ახალი ამბები

თბილისი ბათუმში ძალადობის აღკვეთას კატეგორიულად მოითხოვს

უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი მოუწოდებს შიანაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების წარმომადგენლებს მიიღონ ზომები და აღკვეთონ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსა და მხარდამჭერებს შორის ძალადობა, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და ყველა ის პირი, რომელმაც ინსპირირება გაუკეთა დაპირისპირებას დაისჯება.

“ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძმათა შორის შუღლსა და დაპირისპირებას დაისჯება უმკაცრესად” – განაცხადა დღეს ვანო მერაბიშვილმა.
 
იგი ასევე იმედოვნებს, რომ აჭარის ხელმძღვანელობა გამოიჩენს გონიერებას და მიიღებს შესაბამის ზომებს ვითარების დარეგულირებისთვის.
 
დაპირისპირება დღეს ასლან აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის ბათუში, ოპოზიციური მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ოფისის წინ მოხდა, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, რომლებიც აჭარის ლიდერის გადადგომას მოითხოვდნენ ასლან აბაშიძის მომხრეები მივიდნენ.

ძალადობას ადგილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ვალტერ შვიმერსა და ასლან აბაშიძეს შორის ბათუმში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ჰქონდა ადგილი. შვიმერი დღესვე აჭარაში არსებულ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებსაც ხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button