ახალი ამბები

ვალტერ შვიმერი საქართველოს ხელისუფლებას რეფორმებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობა კანონიერებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის ფარგლებში.


საქართველოს ევროსაბჭოს საინფორმაციო ოფისის განცხადებით, ვალტერ შვიმერმა იმედი გამოთქვა, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ევროსტანდარტების შესაბამისად ჩატარდება, განსაკუთრებით ეს ეხება ამომრჩეველთა სიებს, ხმის მიცემის კონფიდენციალურობას და საარჩევნო კომისიების ბალანსირებულ დაკომპლექტებას. „იმედი მაქვს წინასაარჩევნო კამპანია სამართლიანის კვალიფიკაციას მიიღებს“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.


ვალტერ შვიმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროსაბჭოს მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს კონკრეტული რეფორმების გატარებაში და აღნიშნა, რომ 2004 წლისათვის გარკვეული დახმარების გამოყოფა უკვე დაგეგმილია.


ვალტერ შვიმერმა  ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომ ჰყავდეს „ოპოზიცია პარლამენტში, და არა მარტო ქუჩაში“. მან ურჩია მთავრობას შეამციროს პარლამენტში ხმების მოსაპოვებლად საჭირო 7%-იანი ბარიერი 5%-მდე, რათა თავიდან აიცილონ ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციის გარეშე.


მოლაპარაკებების დროს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე დამოუკიდებელი მედიის როლის შესახებაც ისაუბრა.   

მსგავსი/Related

Back to top button