ახალი ამბები

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ  შვიმერმა, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, მოუწოდა საქართველოს მთავრობას ყველა ღონე იხმაროს, რათა უზრუნველყონ სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში.


მან ურჩია მთავრობას შეამციროს პარლამენტში ხმების მოსაპოვებლად საჭირო 7%-იანი ბარიერი 5%-მდე, რათა თავიდან აიცილონ ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციის გარეშე. ვალტერ შვიმერმა ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს პოლიტიკური ბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციებში. ამჟამად ყველა დონის საარჩევნო კომისიები ძირითადად ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა  მზადყოფნა დაუთმოს ხელისუფლების კუთვნილი ორი ადგილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ეს არ ეხება 15-წევრიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც მთავრობას 8 წევრი ჰყავს.


ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის ძალაუფლებას ზრდის, ნაჩქარევად იქნა მიღებული. ამასთან, მთავრობამ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი საქართველოში 18 თებერვალს სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.


ვიზიტის ფარგლებში შვიმერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და  პარლამენტის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, არა-სამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.


20 თებერვალს შვიმერი ბათუმს ეწვევა და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.  

მსგავსი/Related

Back to top button