ახალი ამბები

ეუთო საქართველოს არჩევნების ჩასატარებლად 1 მილიონ ევროს გამოუყოფს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა 17 თებერვალს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეუთო საქართველოს 28 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად 1 მილიონ ევროს გამოუყოფს.


ეს თანხა დაფარავს ძირითად საარჩევნო ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც დაეხმარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რესურსებით, რათა წარმატებულად ჩაატაროს არჩევნები.


1-2 დეკემბერს მაასტრიხტში გამართულ ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ეუთოს 55-მა წევრმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ დაეხმარებოდნენ საქართველოს 2004 წელს დემოკრატიული  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში.


საქართველოში ეუთოს მისიის განცხადებით, ეუთოს საქართველოსადმი დახმარების პროგრამის მეშვეობით, რომელიც სპეციალური ფუნდების განკარგვის მიზნით შეიქმნა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 2 მილიონი ევრო გამოიყო. კიდევ 2 მილიონი ევრო მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოიყოფა.


ეუთოს დახმარების პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ადგილობრივ დამკვირვებელთა მისია და ამომრჩეველთა განათლების პროგრამები.

მსგავსი/Related

Back to top button