ახალი ამბები

ჟვანია მინისტრთა კაბინეტის პრიორიტეტებზე საუბრობს

მომავალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დეპუტატებს ახალი მთავრობის 2004-2009 წლების სამოქმედო გეგმას აცნობს.


სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ასევე წარუდგენს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს დასამტკიცებლად.


„მთავრობის სტრუქტურული რეფორმა, სამართალდამცავი და უშიშროების  სტრუქტურების რეფორმირება, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობა, ენერგეტიკის პრობლემების მოგვარება და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები – ეს ახალი კაბინეტის პროგრამის ის მთავარი თემებია, რომლებსაც მე წარმოგიდგენთ“, – მიმართა ზურაბ ჟვანიამ დეპუტატებს.


ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ მისი მთავრობის თითოეული წევრი ფუნდამენტალურ რეფორმებს გაატარებს თავიანთ სფეროებში. „მმართველობის თითოეულ სექტორს სჭირდება რეფორმირება“, – დასძინა მან.


მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში სრულმასშტაბიანი თვითმმართველობის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობა.


ჟვანიას განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება.


„ჩვენ არავის ვემუქრებით, მაგრამ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ წარმატებული მშვიდობიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ძლიერი თავდაცვითი სტრუქტურები დაგვჭირდება“, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ. 

მსგავსი/Related

Back to top button