
მინისტრთა კაბინეტი პროგრამაზე მუშაობს
პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის მიერ წარდგენილმა მინისტრობის კანდიდატებმა სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი, 15 თებერვალს შეხვედრა გამართეს და მინისტრთა კაბინეტის მომავალი მუშაობის გეგმა განიხილეს.
კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, მთავრობის წევრებთან ერთად პარლამენტს ახალი მთავრობის სამოქმედო პროგრამაც უნდა წარუდგინონ დასამტკიცებლად.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 14 თებერვალს დაასრულეს მუშაობა 20-კაციანი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე. ახალი კაბინეტი 15 მინისტრს, 4 სახელმწიფო მინისტრს და პრემიერ-მინისტრს გააერთიანებს. ახალ მთავრობაში ოთხი ქალი იქნება.
პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხის განხილვას სავარაუდოდ 17 თებერვალს შეუდგება.