ახალი ამბები

მთავრობა სტრუქტურული ცვლილებების დეტალებზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა დღეს პარლამენტის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პროექტი წარადგინა, რომელიც სამინისტროებისა და დეპარტამენტების სტრუქტურაში გარკვეულ ცვლილებებს გულისხმობს. მან ასევე ისაუბრა მინისტრთა კაბინეტის მუშაობის წესზე.

კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, სამინისტროების რაოდენობა 16-დან 15-მდე შემცირდება, ხოლო 16 დეპარტამენტი, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, შესაბამის სამინისტროებს შეუერთდება.

მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტრო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შეუერთდება და მას ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო დაერქმევა.

დანარჩენი 14 სამინისტროს სიაში შედიან: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ფინანასთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო.

დაზვერვის დეპარტამენტი უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შევა.

გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნება ახალი სტრუქტურა – ფინანსური პოლიცია – რომელიც ეკონომიკური და ფინასური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ორგანო იქნება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რეფორმები ხელს შეუწყობს, „მმართველობის უფრო მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას“.

„მინისტრთა კაბინეტი ამ სტრუქტურის მთავარი ორგანო იქნება. კაბინეტი გადაწყვეტილებებს კენჭისყრით მიიღებს. მისი სხდომები დახულ კარს მიღმა გაიმართება“, – განუცხადა ადეიშვილმა დეპუტატებს.

მსგავსი/Related

Back to top button