We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სააკაშვილი აფხაზეთს „ფართო ავტონომიას“ სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მოსკოვში 10 თებერვალს
ჩავიდა, განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ
პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.


მოსკოვის რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა
კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას
საქართველოსთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს.


„ძალის გამოყენება [აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად] ყველაზე უარესი
ალტერნატივაა, რაც შეიძლება არსებობდეს. 100 000-კაციანი არმიაც რომ გვყავდეს, მე
მაინც ვერ დავუშვებ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას. მაგრამ ყველამ უნდა
იცოდეს, რომ საქართველო არასოდეს დაუშვებს, რომ აფხაზეთი საქართველოს
შემადგენლობაში აღარ იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


„მე დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ [2004
წელს] ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვა, რომლებიც მიხვდებიან, რომ მათ სჭირდებათ
მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ამავე დროს საერთო ენის გამონახვა
საქართველოსთან“, – დასძინა სააკაშვილმა.


საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის აფხაზეთს
საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს.


„ჩვენ თანახმა ვართ ფედერაციულ ურთიერთობებზე აფხაზეთთან“, – აღნიშნა
სააკაშვილმა.

Back to top button