ახალი ამბები

სოხუმი რუსი სამშვიდობოების დამატებითი საგუშაგოების გახსნას ითხოვს

თბილისში 10 თებერვალს გამართულ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე აფხაზურმა მხარემ კოდორში რუსი სამშვიდობოების მუდმივი საგუშაგოების გახსნა მოითხოვა.


უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე გამართულ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი თავჯდომარეობდა. მოლაპარაკებებში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის დელეგაციამ, რომელსაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ხელმძღვანელობდა, და ქართულმა მხარემ საგანგებო საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის ხელმძღვანელობით, ხაზგასმით აღნიშნეს კოდორის ხეობაში გაეროს დამკვირვებელთა პატრულირების აღდგენის მნიშვნელობა. კოდორის ხეობის პარტულირება გასულ ივნისს შეწყდა, მას შემდეგ რაც უცნობმა პირებმა გაეროს სამი დამკვირვებელი გაიტაცეს და ხუთი დღე მძევლად ყავდათ აყვანილი.


საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ჰეიდი ტალიავინიმ დახმარება შესთავაზა მხარეებს  საერთაშორისო ექსპერტებთან უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების გამართვისა და ჟენევაში 22 აპრილს ამ საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრის ორგანიზების საქმეში.  


შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებზე სოხუმში 20 მაისს გაიმართება. 

მსგავსი/Related

Back to top button