
სააკაშვილი მთავრობის სტრუქტურულ რეფორმებზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ სტრუქტურული რეფორმების პაკეტი მოამზადა, რომელიც უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება.
„სამინისტროების რაოდენობა შემცირდება. ვფიქრობ, ორი ან სამი სამინისტრო გაუქმდება, მაგალითად ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შეუერთდება და ამ ახალ სტრუქტურას ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაერქმევა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ყველა დეპარტამენტი გაუქმდება და შესაბამის სამინისტროებს შეუერთდება.
„რეფორმები გატარდება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, კერძოდ საგზაო პოლიციაში“, – დასძინა სააკაშვილმა.
„ჩვენ ასევე ვგეგმავთ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, კერძოდ საბაჟო დეპარტამენტში. ჩვენ არ გვჭირდება ბევრი 20-ლარიანი თანამშრომები. ჩვენ გვეყოლება ცოტა, მაგრამ მაღალანაზღაურებადი და პროფესიონალი თანამშრომელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.