
პრეზიდენტი ეჭვმიტანილ მაღალჩინოსანთა დაკავების პროცედურის გაადვილების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდიდენტის ინიციატივით პარლამენტში ახალი კანონპროექტია შეტანილი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს გაუადვილებს დამნაშავე პირების დაკავების პროცესს. მათ შორის კი მაღალი თანამდებობის პირების დაკავებას, რომლებიც მხილებულნი იქნებიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და უკანონო ქონების მითვისებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს გენერალურმა პროკურორმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა.
“ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პროკურორსა და ეჭვმიტანილს შორის შესაძლებელი იქნება გარიგება. ეჭვმიტანილს შესაძლოა სისხლის სამართლის საქმით გათვალისწინებული სასჯელი შეუმსუბუქდეს ან საერთოდ მოეხსნას, თუ იგი აღიარებს დანაშაულს და დაასახელებს სხვა პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ უკანონო ქმედებაში”, – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, პროკურორს ასევე ენიჭება უფლებამოსილება ეჭვმიტანილ მაღალჩინოსანზე სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს სასამართლოში და დაუსაბუთებელი ქონების დადასტურების შემთხვევაში სასამართლო წესით მოახდინოს მისი კონფისკაცია.
“ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირების დაკავებას. არ მოხდება მათი გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზების გათვალიწინება, რაც აჭიანურებს მათ დაკითხვის პროცესს”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.
გენერალური პროკურორი და უშიშროების საბჭოს მდივანი პარალამენტს მოუწოდებენ საგანგებო რეჟიმში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება.