
ტრიუმვირატი ძალაუფლების გადანაწილებას საკონსტიტუციო ცვლილებებით აპირებს
საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას უმოკლეს ვადებში გეგმავს; თუმცა, კონსტიტუციური ცვლილებების დეტალები უცნობი რჩება, რადგანაც იუსტიციის სამინისტრო ცვლილებების პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია.
ახლადარჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის შემოღება ხელს შეუწყობს „მმართველობის უფრო მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას“. მისი თქმით, სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ საკითხებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, მაშინ როცა პრეზიდენტი ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. თუმცა, დამკვირვებლებს და ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეუძლიათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი, რადგანაც დეტალები უცნობი რჩება.
ერთადერთი რამ, რაც დებატებს იწვევს, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოღების ვადებია. ახალ ხელმძღვანელობას სურს, რომ ცვლილებები მოქმედმა, 1999 წლის მოწვევის პარლამენტმა განიხილოს.
„ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა“ – განაცხადა 10 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები 28 მარტს არჩეულმა ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
“აჩქარება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ არის გამართლებული. უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და მას შემდეგ მოხდეს არსებითი ცვლილებები კონსტიტუციაში” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელმა ლევან რამიშვილმა.
“სასწრაფო წესით არ უნდა მივიღოთ ეს ცვლილებები, რადგან ეს პარლამენტი არ არის იმ პოლიტიკური უნარის მქონე, რომ ამგვარი ფუნდამენტური ცვლილებების გადაწყვეტა მივანდოთ მას” – განაცხდა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “ახალი მემრჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ
“ახალი მემარჯვენეები” მინისტრთა კაბინეტის შემოღების წინააღმდეგ გამოდიან. მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეები“ კონსტიტუციაში მხოლოდ მცირედი ცვლილებების შეტანას უჭერენ მხარს. „მმართველობის არსებული სისტემა სრულიად მისაღებია ჩვენთვის, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტის ძალაუფლებას პარლამენტი უფრო მეტად დააბალანსებს“ – დასძინა ფიქრია ჩიხრაძემ.
ექსპერტთა განცხადებით, არ შეიძლება კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პირებისთვის. ნოემბრის საპროტესტო აქციები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტის თავჯდომარის პოსტს დაუბრუნდება, ხელმძღვანელობით განხორციელდა. მრავალი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა სწორედ ამ სამი ლიდერის არსებობამ გამოიწვია.
„პრემიერ მინისტრის პოსტი შემოღება ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გახდა საჭიროს“ – მიიჩნევს „ტრადიციონალისტთა“ პარტიის წევრი გუბაზ სანიკიძე.
იურისტ დავით უსუფაშვილის თქმით, შესაძლოა ასევე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი იქნას შემოღებული.
“ შესაძლოა კონსტიტუციაში გაჩნდეს ისეთი ფიგურა, მას ვიცეპრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი ან თუნდაც სახელმწიფო მინისტრი დაერქვას, რომელიც შეასრულებს პრეზიდენტისგან დელეგირებულ ფუნქციებს და პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში უხელმძღვანელებს აღმასრულებელ ხელისულებას” – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ დავით უსუფაშვილმა.
თუმცა ეს წინადადება აბსოლუტურად მიუღებელია სააკაშვილისთვის. „ვიცე-პრეზიდენტის პოსტი პენსიაზე გასული პოლიტიკოსებისთვის არის. ჩვენ რაღაც უფრო ეფექტური და მოქნილი გვინდა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ წინ ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი ცდილობდა საქართველოში მმართველობის საპარლამენტო სისტემის საკითხი წამოეწია წინ. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ უჭერს მხარს საპარლამენტო წყობის იდეას; თუმცა მათი აზრით, არსებულ სიტუაციაში ამ წინადადების განხილვა შეუძლებელია.
„ჩვენ ყოველთვის საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრენი ვიყავით. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამაზე საუბარი მართებული არ იქნებოდა“ – განუცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა „სივილ ჯორიას.“ რესპუბლიკელები მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში არიან გაერთიანებულნი.
“როცა საპრეზიდენტო არჩევენებში კანდიდატი 97%-იან წარმატებას აღწევს, საპარლამენტო მოდელის განხორციელება პოლიტიკურად შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არსებულ სისტემაში პარლამენტის როლს გაზრდის, რათა უფრო ეფექტურად დააბალანსოს მან პრეზიდენტი. ამ სისტემაში პრემიერ მინისტრის პოსტის შემოღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ.
საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ წარედგინება პარლამენტს. ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ძალაუფლების გადანაწილებამ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას შორის არსებული ფარული დაძაბულობა გამოააშკარავოს.
საკონსტიტუციო ცვლილებები ჟვანიასა და სააკაშვილს შორის ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს და ამგვარმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა საქართველოს ლიდერებს შორის არსებული ჰარმონიული ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.