
მოსკოვი მხარს უჭერს აბაშიძეს, გმობს „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციებს აჭარაში
მოსკოვში აბაშიძის ვიზიტის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 იანვარს გაავრცელა განცხადება სადაც „აჭარაში ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით“ შეშფოთებაა გამოთქმული.
„ზოგიერთი ექსტრემისტულად განწყობილი ორგანიზაციის, მათ შორის „კმარას,“ მცდელობები დაძაბოს მდგომარეობა აჭარაში, არის უაღრესად სახიფათო და შეიცავს ავტონომიურ რესპუბლიკაში დესტაბილიზაციის საშიშროებას“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„პროვოკაციულმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები, რომელიც ხელს აძლევს მხოლოდ ისეთ ძალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.“
ახლახანს აჭარის მეთაური ასლან აბაშიძე მოსკოვს სტუმრობდა. მან შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვალერი ლოშჩინინთან. როგორც მან 18 იანვარს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ეკონომიკური თანამშრომლობა იყო.