
გაეროს დამკვირვებელთა მისია ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების შესახებ ოქმს აქვეყნებს
საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ დღეს გალში 19 იანვარს გამართული ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ოქმი გამოაქვეყნა.
შეხვედრის დროს მხარეებმა 2003 წლის 8 ოქტომბერს მიღებული გალის ოქმის განხორციელების საკითხი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას და უსაფრთხოების დაცვის არსებული მექანიზმების ეფექტურობის ზრდას.
სხდომა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიდი ტალიავინის თავჯდომარეობით გაიმართა.
ოქმის თანახმად, მხარეებმა გარკვეულ საკითხებში მიაღწიეს შეთანხმებას. მათ შორისაა, 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოსკოვში მიღწეული შეთანხმების განხორციელება და იმ ქმედებების თავიდან აცილება, რომლებიც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და სამშვიდობო პროცესზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა.
ქართულ მხარეს შეხვედრაზე საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე წარმოადგენდა, აფხაზურ მხარეს კი – დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.