ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ გვსურს აშშ-ის და რუსეთის ინტერესები საქართველოში ერთმანეთს შევუთავსოთ

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო გარკვეულწილად დაზარალდება, თუ ის ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის „ბრძოლის ველი“ გახდება.


„ჩემი ინაუგურაციისთვის კოლინ პაუელი აპირებს ჩამოსვლას, რაც ვაშინგტონის მხრიდან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა. ასევე ჩამოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. მე მინდა ორივე მათგანს გავესაუბრო, რათა საბოლოოდ გავარკვიოთ, რომ ჩვენ არც ერთ მათგანთანს არ გავურბივართ და არც ვქმნით რაიმე ხელოვნურ წინააღმდეგობებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში.


მისი განცხადებით, „საქართველო მზად არის ორივე ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს შეუთავსოს, თუმცა მათაც უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და ეს არის მთავარი“. სააკაშვილის თქმით, ამ ურთიერთობების ნორმალიზება ქვეყნის გადარჩენისთვის მთავარია.


თუმცა, მან დასძინა „მე არ მაინტერესებს საგარეო ინტერესები, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს. მე საგარეო ინტერესები მხოლოდ იმ ფარგლებში მაინტერესებს, როცა ისინი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეხება. სხვა შემთხვევაში, მე ისინი არ მაინტერესებს“.


„ამერიკელები არ გვთავაზობენ თავიანთ სამხედრო ბაზებს. ისინი მხოლოდ მხარს უჭერენ ჩვენ მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ საქართველო სამხედრო ბაზებისგან თავისუფალი ქვეყანა უნდა იყოს და რომ ეს ჩვენ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა.


„იმპერიალიზმის დრო წარსულს ჩაბარდა – ცივი ომის ეპოქა დასრულდა და ეს ყველამ უნდა გაიგოს. ჩვენ სულაც არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა“, – დასძინა მან.

Back to top button