ახალი ამბები

აკაკი ჩხაიძის დაკავებას მიხეილ სააკაშვილი უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს

ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბათუმში შპს “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი უფროსის აკაკი ჩხაიძის დაკავებას და აცხადებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ასეთი თამამი ოპერატიული ოპერაცია არ ჩაუტარებიათ.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აკაკი ჩხაიძის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მათი მხრიდან მაინც მოხდა წინააღმდეგობის გაწევა. “ჩვენ არ მოვითმენთ აჭარის მხრიდან ასეთ საქციელს. აჭარა საქართველოს ტერიტორიაა და იქ იგივე კანონები მოქმედებს, რაც მთელს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ხელმძღვანელობასთან დიალოგის მომხრე ვართ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, ეს არის სახელმწიფო, რომლის იურისდიქციაც მის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს”, – განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, კანონს ყველა თანამდებობის პირი და სახელმწიფო მოხელე უნდა ემორჩილებოდეს. “კანონის დასაცავად უკან არ დავიხევ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, და დასძენს, რომ უნდა მოხდეს ყველა იმ დამნაშავე პირთა დაკავება და გასამართლება, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.


“ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დაპატიმრება, მაგრამ ვინც დამნაშავეა მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ვეცდებით მინიმუმამდე დავიყვანოთ ცალკეულ პირთა მიერ ჩადენილი მაქსიმალური დანაშაული და თუ ისინი ხალხის კუთვნილ მოპარულ თანხებს დააბრუნებენ, შეწყალებულნი იქნებიან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


აკაკი ჩხაიძე სამართალდამცავმა ორგანოებმა დღეს ბათუმში დააკავეს. იგი უკვე თბილისში ჩამოიყვანეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს მისი დაკითხვა. მას ბრალი ედება დიდი რაოდენობით თანხების მითვისებაში.

Back to top button