
აჭარაში ხუთჯვრიანი დროშა აღიმართა
სახალხო მოძრაობა “ჩვენი აჭარის” ინიციატივით დღეს აჭარის რეგიონში არსებული ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე ხუთჯვრიანი დროშა აღიმართა. ეს დროშა საქართველოს პარლამენტმა 14 იანვრის სხდომაზე სახელმწიფო დროშად დაამტკიცა.
დროშების აღმართვას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია აჭარის ხელისუფლების მხრიდან. აჭარაში ხუთჯვრიანი დროშების აღმართვის თაობაზე უკმაყოფილება არ გამოუთქვამს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრს ჯემალ გოგიტიძეს, რომლის განცხადებითაც რეგიონის ხელმძღვანელობა წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს სახელმწიფო დროშის აღმართვასთან დაკავშირებით.
ხუთჯვრიანი დროშის აღმართვა პირველად გონიოს საკრებულოს შენობის თავზე 11 იანვარს მოხდა, მაგრამ მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა წინააღმდეგობა გაუწიეს “ჩვენი აჭარის” და მასმედიის წარმომადგენლებს და დროშა ჩამოხსნეს.