ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი თამაზ მაღლაკელიძის გატაცებას იგორ გიორგაძის სახელს უკავშირებს

მიხეილ სააკაშვილი დადებით შეფასებას აძლევს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დღეს “გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ მაღლაკელიძის გათავისუფლების ფაქტს და მადლობას უხდის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას გათავისუფლების ოპერაციაში. იგი თამაზ მაღლაკელიძის გატაცებას უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსის იგორ გიორგაძის სახელს უკავშირებს და აცხადებს, რომ მაღლაკელიძის გამტაცებლები იგორ გიორგაძესთან კავშირში იმყოფებოდნენ.


“მინდა ვუთხრა ყველას, რომ ახალი მართველობა საქართველოში ორიენტირებული იქნება წესრიგის დამყარებისკენ და არა წინა ხელისუფლების დროს არსებული მართვისკენ, როდესაც ხდებოდა ადამიანების გატაცებები. მორჩა ყაჩაღების თარეში. მთავარი მაფია ადრე თავად ხელისუფლება იყო, ჩემი ხელისუფლება კი შეებრძოლება ყველა უკანონობას”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


თამაზ მაღლაკელიძე დაუდგენელმა პირებმა 2003 წლის 5 დეკემბერს გაიტაცეს. მისი გათავისუფლება კი დღეს უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების მიერ ერთობლივი ოპერაციის ჩატარების შედეგად მოხერხდა. გამტაცებელთა ერთი ჯგუფი სამართალდამცავებმა გუშინ ღამით დააკავეს. 

Back to top button