ახალი ამბები

ბურჯანაძე განსხვავებული აზრის მქონე პირების დაკავებას გმობს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე გმობს აჭარაში ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” აქტივისტების დაპატიმრებას.


“თუ ეს ახალგაზრდები მართლა საკუთარი აზრის გამოთქმისთვის დააკავეს, რა თქმა უნდა ეს მიუღებელია. ჩვენ ვერც ერთი ადამიანის უკანონოდ დაკავებას ვერ შევეგუებით და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ისინი უმოკლეს ვადაში გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


აჭარაში “კმარას” აქტივისტები 6 იანვარს დააკავეს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია “კმარას” კიდევ სამი აქტივისტი.

მათი დაკავების მიზეზად აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი დოლარების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნარკოტიკების აღმოჩენა დაასახელა. დაკავებულ ორ პიროვნებას აჭარის სასამართლომ დღეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.  

Back to top button