ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები 28 მარტს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე 28 მარტს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.


“სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა ჩვენი პოზიციის გათვალისწინება არჩევნების მოგვიანებით ჩატარების თაობაზე. შეიძლება ამას პოლიტიკური შეცდომა ვუწოდოთ”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ 9 იანვარს.


არჩევნების მარტში ჩატარებას ასევე ნაადრევად მიიჩნევს ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი ირაკლი გოგავა, რომლის განცხადებითაც, შესაძლოა ვერ მოხერხდეს კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება.


არჩევნების მარტში ჩატარება მიუღებელია ეროვნული დემოკრატიული პარტიისთვისაც. პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, პარტია არჩევნების აპრილში ან მაისში ჩატარების მომხრეა. უარყოფითი განწყობის მიუხედავად, 28 მარტს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას “ახალი მემარჯვენეები”, “მრეწველები”  და “აღორძინებაც” აპირებენ.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო არჩევნების თარიღი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელბთან შეთანხმების შემდეგ  9 იანვარს გამოაცხადა.

Back to top button