
ცსკო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკო) საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემთა 94%-ის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით 96,04%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. მეორეზე კვლავ თემურ შაშიაშვილია – 1,88%. როინ ლიპარტელიანი – 0,26%, ქართლოს ღარიბაშვილი – 0,21%, ზურაბ ქელეხსაშვილი – 0,09%. ზაზა სიახარულიძე – 0,25%. ყველას წინააღმდეგ კი 0,32%.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დარჩენილია კიდევ 15 საარჩევნო ოლქის მონაცემები. არჩევნების შედეგების შესახებ მონაცემები კომისიაში უკვე მოვიდა აჭარიდანაც. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ 12-13 იანვარს მოხდება, როდესაც შესაძლებელი იქნება კოდორში არჩევნების ჩატარება. უამინდობის გამო კოდორის ხეობაში ვერ მოხერხდა ბიულეტენების და საჭირო აღჭურვილობის გადაგზავნა.