
აჭარაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამაზ დიასამიძემ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა აჭარაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის უკანონოდ ცნობის მოთხოვნით.
თამაზ დიასამიძის განცხადებით, აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს არანაირი კონსტიტუციური უფლება არა აქვს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, რაც აჭარის მოსახლეობის სამოქალაქო უფლებებს არღვევს.
საკონსტიტუციო სასამართლო 14 იანვრამდე გადაწყვეტს განიხილავს თუ არა დიასამიძის სარჩელს. ამ დრომდე სასამართლომ აჭარიდან უნდა მიიღოს ავტონომიური რესპუბლიკის განკარგულება რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც აჭარაში ნოემბრის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს გამოცხადდა, 3 იანვარს დროებით შეწყდა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, 7 იანვარს ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ მან საგანგებო მდგომარეობა რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით განაახლა.