
ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების დღეს დანიშნავს
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დღეს დანიშნავს. სავარაუდოდ, არჩევნები მარტში ჩატარდება.
ეუთომ უკვე ურჩია საქართველოს ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნები მარტზე ადრე არ ჩაატაროს.
საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც „ეგზით პოლის“ შედეგებით საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 85%-ზე მეტი მიიღო, 4 იანვარს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების ვადა რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნებოდა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატები” ერთობლივად წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებშიც ერთიანი სიით გამოვლენ. ნინო ბურჯანაძე ახალ საარჩევნო ბლოკს უხელმძღვანელებს.
„ეს იქნება გრძელვადიანი თანამშრომლობა [ბურჯანაძესთან და ჟვანიასთან]“, – განაცხადა სააკაშვილმა ბრიფინგზე.