
აშშ საქართველოში თავისუფალ არჩევნებს მიესალმება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა ადამ ერელიმ 5 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება თავისუფალ და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში.
„გვჯერა, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში. ჩვენ მივესალმებით ეუთოს წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნებოდა, რამაც ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა“, – განაცხადა ადამ ერელიმ 5 იანვარს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული და საბაზრო რეფორმების გატარებაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და აშშ-სთან, ევროპასთან და საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობების განმტკიცებაში“, – დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.