
ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობას და მოსახლეობას მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ვანო მერაბიშვილმა და ირაკლი ჩუბინიშვილმა განაცხადეს.
“ჩვენ გვეშინია იმის, რომ 4 იანვრის არჩევნები არ შედგეს. ის, რომ აჭარა არჩევნებში მონაწილეობას იღებს, დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მშვიდად ყოფნა მხოლოდ 4 იანვრის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც აჭარიდან არჩევნების საბოლოო შედეგები გამოიგზავნება და არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება”, – განაცხადა ირაკლი ჩუბინიშვილმა.
“დიდი საშიშროება არსებობს იმისა, რომ ძველმა ოლიგარქებმა შეაჩერონ “ვარდების რევოლუციის” მონაპოვარი. 4 იანვარს ჩვენ არა კონკრეტულ პირებს დავუჭერთ მხარს, არამედ არჩევანს გავაკეთებთ რეფორმების, განვითარების, ან ქაოსს შორის”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.