
გუბერნატორი კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით შემოვლით გზებს აფეთქებს
შიდა ქართლის რეგიონის ახალმა გუბერნატორმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იმ შემოვლითი გზების აფეთქების თაობაზე, რომლის საშუალებითაც ხდება რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოში კონტრაბანდული ტვირთის შემოტანა.
შიდა ქართლში უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი გაიგზავნა, რომელმაც ტროტილის მეშვეობით შემოვლითი გზები ააფეთქა.
„რეგიონში, დაახლოებით, 50 შემოვლითი გზაა. რა თქმა უნდა, ყველა გზას ვერ ავაფეთქებთ, რადგანაც ბევრი მათგანი სოფლებზე გადის. მაგრამ, რამოდენიმე შემოვლითი გზის აფეთქებაც მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს კონტრაბანდისტებს“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შიდა ქართლის გუბერნატორმა პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებდა კონტრაბანდას, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე უმთავრეს ამოცანას კონტრაბანდის შემცირება წარმოადგენს.