skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ მოსკოვის ვიზიტს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორსაათიანი შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხი განიხილეს. 


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მისი განცხადებით, „რუსეთი ნამდვილად არ არის გულგრილი ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო სიტუაციის მიმართ“.


პუტინთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი რუსეთში „წინ გადადგმული ნაბიჯი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში“. „მე დავინახე ნება ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისა“, – დასძინა ნინო ბურჯანაძემ.


მოლაპარაკებების  შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მათი შეხვედრა საკმაოდ გულწრფელი იყო და რომ მათ მთელი რიგი მტკივნეული საკითხები განიხილეს, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავიზო რეჟიმის საკითხები.


„ჩვენი მიზანია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია; თუმცა საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან არ ეწინააღმდეგება საქართველოს მეგობრობას რუსეთთან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია“. „რუსეთს შეუძლია ქართველებსა და აფხაზებს არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს“,  – დასძინა მან.


ბურჯანაძის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმი „აბრკოლებს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“.

Back to top button