skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვს სტუმრობს

რუსეთი საქართველოს კვლავ ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს








ბურჯანაძე: პუტინთან გულწრფელი მოლაპარაკება
გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის 24 დეკემბერს მოსკოვში ვიზიტის დაწყებას, რუსეთის მხრიდან საქართველოს ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაში ბრალდებების განახლება მოჰყვა.

25 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ნინო ბურჯანაძე საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების და რუსეთის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხებს განიხილავენ. 

როგორც ნინო ბურჯანაძემ 23 დეკემბერს განაცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ ამ ვიზიტის დროს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ყველა პრობლემა მოგვარდება.  

„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია ახალი გვერდის გადაშლა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში და ნდობის აღდგენა ორ ქვეყანას შორის“ – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 23 დეკემბერს.

„დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან გულწრფელი იქნება“ – დასძინა მან. 

„ამ ვიზიტით, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, შევეცდებით ურთიერთობების ნორმალიზებას, და თუ შესაძლებელი იქნება თანამშრომლობის დონის ამაღლებას. რა თქმა უნდა, შევეცდებით ვიპოვოთ ახალი მიდგომა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში. სამშვიდობო პროცესი ამჟამად, პრაქტიკულად, გაყინულია“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ 24 დეკემბერს. 

„არა მგონია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხს შეეხოს. მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს განიხილავენ“ – განუცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს 24 დეკემბერს. 

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოსთან „მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების აღდგენას“ და იმედოვნებს, რომ „ბურჯანაძის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ამას ხელს“.

მოსკოვში ჩასვლისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმიც იქნებოდა განხილული. რუსეთის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ აჭარის რეგიონისთვის გამარტივეული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის ეს ნაბიჯი თბილისმა „სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად“ შეაფასა. 

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ 24 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლება ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა, რითაც არასახარბიელო ფონი შექმნა ბურჯანაძე-პუტინის შეხვედრი წინ. იასტრჟემბსკიმ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი წინაპირობა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა. 

„სეჟი-იურტში [ჩეჩნეთი] განხორციელებული ოპერაციის დროს, რუსეთის ფედერალურმა ჯარებმა გაანადგურეს ბოევიკთა ბაზა. მოკლულ ბოევიკებს შორის იყვნენ თურქეთის ორი მოქალაქე, ალჟირის ერთი მოქალაქე და გერმანიის ერთი მოქალაქე. მათ პასპორტებში ქართული ვიზები ჰქონდათ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ. 

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ რჩება ტერორისტთა თავშესაფრად, რომლებიც პანკისის ხეობიდან რუსეთში გადადიან“ – განაცხადა სერგეი იასტრჟემბსკიმ 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, პანკისის ხეობის პრობლემა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მოლაპარაკებების საგანი გახდება. გასულ სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი პანკისის ხეობაში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმებით დაიმუქრა.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 21 დეკემბერს პანკისს ეწვია და იქ განლაგებული შინაგანი ჯარის საგუშაგოები მოინახულა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პანკისის ხეობაში განხორციელებული ანტი-კრიმინალური ოპერაციის შედეგად ხეობაში ტერორისტები აღარ იმყოფებიან.
Back to top button