skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობა საქართველოს ახალ დახმარებას გაუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ საქართველოს მთავრობას 18 დეკემბერს აცნობა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას გარდამავალ პერიოდში 21 მილიონ დოლარს გამოუყოფს.


თბილისში 3-6 დეკემბერს განხორციელებული ვიზიტის დროს ლინ პასკომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 7 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევდა საქართველოს. ამას დაემატა კიდევ 14 მილიონი დოლარი, რომელიც ძირითადად ხელფასებისა და პენსიების გაცემას მოხმარდება.


საქართველოს ხელმძღვანელობამ აცნობა აშშ-ის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი პროგრესის თაობაზე, რომელსაც მან კორუფციასთან ბრძოლაში მიაღწია.


საქართველოში აშშ-ის  საელჩოს მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს როგორც დროებით, ასევე მომავალ მთავრობებთან, რათა დაეხმაროს ქვეყანას იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გამჭირვალობასა და წარმატებას მოუტანს. 

Back to top button