
ასლან აბაშიძე ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წინააღმდეგია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 21 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკრიტიკა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის თაობაზე.
რეგისტრაციის გასავლელად ამომრჩეველი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანში და შეავსოს სპეციალური ფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს მას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
„ეს პროცედურა ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირებამდე მიგვიყვანს. იგი არჩევნების გაყალბების მიზნით იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ასლან აბაშიძემ.
ამომრჩეველთა რეგისტრაცია, რომლის მიზანიც ამომრჩეველთა სიების შედგენაა, 15 დეკემბერს დაიწყო და საბოლოო ვადა 21 დეკემბერს იწურებოდა. თუმცა, მოგვიანებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა 25 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
დღეისათვის რეგისტრაცია უკვე მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა. სულ საქართველოში 2,6 მილიონამდე ამომრჩეველია.