
“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აქტიურ პოლიტიკურ მოღავწეობას თავს ანებებს
“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძეც ესწრებოდა.
“მე მივდივარ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და მხოლოდ ამ პარტიის რიგით წევრად მოვიაზრები. ბოლო პერიოდში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ჩემსა და პარტიის ლიდერს დავით გამყრელიძეს შორის. ამის გამო გადავწყვიტე დროებით დავტოვო ჩემი თანამდებობა”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
“ლევან გაჩეჩილაძე დროებით გაემიჯნება პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს გადაწყვეტილება მან თავად მიიღო. მისი პოლიტიკაში ჩართვა კი ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ მოხდება, რადგანაც იგი არჩეულია ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად და ამომრჩევლების წინაშე აღებული ვალებულება უნდა შეასრულოს”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ლევან გაჩეჩილაძე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ლევან გაჩეჩილაძესა და დავით გამყრელიძეს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია 22 ნოემბრის შემდეგ გავრცელდა, როდესაც ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დავით გამყელიძესთან ერთად არ გამოცხადდა ლევან გაჩეჩილაძე.