
თბილისი დემოკრატიისგან შორს მდგომ მოსკოვს სიფრთხილით უყურებს
რუსეთი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში
რუსეთში ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ თბილისი მოსკოვს კიდევ უფრო დიდი სიფრთხილით შეჰყურებს. არანაკლები სიფრთხილი ელის მოსკოვი საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის შედეგებს.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები და აჭარაში თბილისის გვერდის ავლით, გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლიც წინა პლანზე წამოიწია “ვარდების რევოლუციის” შემდეგ და რომლის მოგვარებას დროებითი ხელისულფლება ცდილობს.
16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე მოსკოვში გაემგზავრა, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, მომავალი კვირისთვის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებიც განიხილა. ბურჯანაძეს არა ერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებელია მოსკოვთან აქტიური დიალოგი, რათა დაძაბული ურთიერთობის განმუხტვა მოხდეს. ამ დღეებში მოსკოვში საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც იმყოფებოდა.
თუმცა მრავალი ქართველი, ისევე როგორც რუსი ექსპერტი და პოლიტიკოსი ორ ქვეყანას შოროსი ურთიერთობის დარეგულირებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, განსაკუთრებით კი 7 დეკემბერის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები კვლავ მიუღებელია.
არჩევნების შედეგად დუმაში უმრავლესობა პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ “ერთიანმა რუსთმა” მოიპოვა. ასევე პარლამენტში შევიდნენ კომუნისტური პარტია, ვლადიმერ ჟირინოვსკის “ლიბერალურ დემოკრატიული” პარტია და ახლად შექმნილი საარჩევნო ბლოკი “სამშობლო,” რომლის ერთ-ერთი ლიდერი ანტი-ქართული განცხადებებით ცნობილი დიმიტრი რაგოზინია, რომელსაც საკმაოდ კარგი კავშირები აქვს კრემლთან. დუმაში ვერც ერთი ლიბერალურად განწყობილი პოლიტიკური ძალა ვერ მოხვდა.
“მეეჭვება, რომ არჩევნბმა რაიმე დადებითი შემატოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. აქამდე რუსეთის დუმას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყოველთვის უარყოფითი წვლილი შეჰქონდა. არც არჩევნების შემდეგ მოსულა პროქართულად განწყობილი პოლიტიკური ძალები. ამის გამო სავსებით შესაძლებელია საქართველოს გადანაწილების გეგმა გაგრძელდეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ალექსანდრე რონდელმა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევათა ფონდს ხელმძღვანელობს.
რონდლის განცხადებით, რუსეთი კარგად სარგებლობს საქართველოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისით და ამის ფონზე აკეთებს თბილისზე ზეწოლას. “ამასთან რუსეთს აქვს საშუალება მათ შორის ძალისმიერი, რომ საქართველოში საკუთარი ინტერესები განახორციელოს” – დასძინა მან.
“რუსეთში პოლიტიკის გამყინვარებამ საბოლოო სახე მიიღო. რუსეთი დღეს სამწუხაროდ მძიმე დღეშია. ადრე თუ ჟირინოვსკი იყო ახლა როგოზინი წამოწიეს წინ. ყოველივე ეს კი დემოკრატიულ ფლანგზე უკან გადადგმული ნაბიჯია. რუსეთს გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი ახალი დემოკრატიული ინსტიტუტის შესაქმნელად” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
“არჩევნები რუსეთში საქართველოსთვის სასიკეთოდ არ დასრულებულა. პრინციპში პოლიტიკური ვითარება არ შეცვლილა. მართველი ძალა იგივე დარჩა. ამის გამო სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პოლიტოლოგმა დავით დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვლის თქმით რუსეთი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ვერ აღიქვავდა, მისთვის “ჩვენი ქვეყანა ეთნოგრაფიულ დაჯგუფებას წარმოადგენდა და როგორც სახელმწიფო კურიოზია.” “ეს გასაკვირი არ არის რადგანაც ჩვენ ამის ფიქრის საფუძველს ვაძლევდით” – დასძინა მან.
საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც მოსკოვმა თბილისის გვერდის ავლით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. მოსკოვის ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად” შეაფასა.
“რუსეთი არ შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი ასეთ ვითარებაში, როცა თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს და არ ასრულებს ვალდებულებებს. მას გააჩნია ბერკეტები, ჰყავს დასაყრდენი ასლან აბაშიძის სახით. ასეთ პირობებში თანამშრომლობა არ გამოვა” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას არც რუსი ექსპერტები მოელიან. როგორც ჩანს, რუსეთში დიდი სიფრთხილით უყურებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას. დიმიტრი ტრენინი, კარნეგის მოსკოვის ცენტრიდან, მიიჩნევს, რომ დუმა არასოდეს ახდენდა დიდ გავლენას რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ დუმის შემადგენლობა რა თქმა უნდა რუსეთში არსებულ ზოგად განწყობებს ასახავს.
რუსი ექსპერტის მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა ამჟამად “ქარიშხლის წინ არსებულ სიწყნარეს გავს.” მისი თქმით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები დიდ წილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
“ის ხალხი, მათ შორის პოლიტიკოსები, მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც გავლენას ახდენენ რუსეთში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, იგივე მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ ფრთხილად უყურებენ და მას რადიკალურ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. რუსეთში გავრცელებულია აზრი, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევა კიდევ უფრო გაამწვავებს თბილისის ბათუმთან ურთიერთობას, ისევე როგორც გაართულებს სიტუაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში” – განაცხადა დიმიტრი ტრენინმა “სივილ ჯორჯიასთან” ინტერვიუში.
მისი თქმით უკეთესი იქნებოდა, თუ სააკაშვილი უფრო რეალურად შეაფასებდა ვითარებას რუსეთთან მიმართებაში.
“რა თქმა უნდა შეიძლება საქართველომ წარმოიდგინოს თუ როგორი შეიძლება იყოს მისთვის იდიალური რუსეთი, მაგრამ რეალობა სხვაა. რუსეთი ისეთია როგორიც არის და ასეთად დარჩება კიდევ ძალიან დიდი ხანი. ამიტომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი” – განაცხადა ტრენინმა.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ თავის საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს მეზოებლ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან.
“იგივე გვინდა ჩვენ რუსეთთან. ჩვენ მზად ვართ დავივიწყოთ ბევრი რამ, რაც გააკეთა რუსეთმა, ოღონდ რუსეთი ამიერიდან მიხვდეს, რომ საქართველო მისი ვასალი არ არის, რომ საქართველო სახელმწიფოა, რომელსაც მთელმა მსოფლიომ ანგარიში უნდა გაუწიოს” – ასეთია პრეზიდენტობის კანდიდატის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, ეს საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებია. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი წინა პლანზე აშშ-მა წამოწიეს, როდესაც სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, მაასტრიხტში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რუსეთს კატეგორიულად მოსთხოვა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საქართველოში სამხდრო ბაზების დახურვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობების დარეგულირების კუთხითაც აქტიურად ჩაერთო. 17 დეკემბერს ბათუმს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი უკვე მეორედ ეწვია და ასლან აბაშიძესთან შეხვედრა გამართა.
ექსპერტთა განცხადებით, აშშ-ის აქტიურობა საქართველოში რუსეთის გაღიზიანების კიდევ ერთი საბაბია.
როგორც დიმიტრი ტრენინი მიიჩნევს საქართველო არ უნდა გადაიქცეს რუსეთ-აშშ-ის ინტერესების დაპირისპირების ადგილად. “ასეთი ვითარება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რადგან ეს საქართველოზე ძალზედ ცუდ გავლენას იქონიებს” – დასძინა მან.
“საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ისა და რუსეთის ინტერესების ბალანსირება სრულიად შესაძლებელია. ამ მხრივ კი ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე” – აცხადებს ტრენინი.
როგორც ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ის რომ თბილისმა დაანახოს მოსკოვს რომ არის მისი სრულუფლებიანი პარტნიორი.
“ყველა დარღვევას რუსეთის მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. მოეთხოვოს არსებული ვალდებულებების შესრულება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა პოლიტიკური ვითარების მოგვარებას” – აცხადებს დავით დარჩიაშვილმა.
“ტაქტიკა უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების გადამწყვეტი პოზიციის დაკავება და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა საჭიროა ვითარების დასარეგულირებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ საქარათველოს ხელისუფლებას მძიმე ბრძოლა ელის წინ” – აცხადებს ალექსანდრე რონდელი.
როგორ პოზიციას დაიკავებს საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში და რამდენად შეძლებს ამ “მძიმე ბრძოლის” სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ წარმართვას, ძირითადად 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა, როცა საქართველოს ახალი ლიდერი ეყოლება.
მანამდე კი რუსეთში საქართველოს დროებითი ლიდერი გაემგზავრება. ნინო ბურჯანაძე, როგორც ჩანს, ახალი პრეზიდენტისთვის რუსეთთან ურთიერთობის ახალი კონტურების შექმნისთვის ნიადაგს მოამზადებს.