skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი ბათუმში ასლან აბაშიძეს შეხვდება

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს დილით ბათუმში გაემგზავრა, სადაც იგი აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.


ელჩთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანიაც უნდა წასულიყო ბათუმში, თუმცა საელჩოს განცხადებით, რიჩარდ მაილსი ბათუმში მარტო გაემგზავრა.


საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან 11 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მაილსმა განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის შესაბამისად, 4 იანვარს, უნდა ჩატარდეს.


მისი განცხადებით, იგი მზად არის შეხვდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს ასლან აბაშიძეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბაშიძე  არჩევნების ბოიკოტირებით იმუქრება.


10 დეკემბერს ბათუმში ვიზიტის დროს ნინო ბურჯანაძემ ვერ შეძლო დაერწმუნებინა აჭარის ლიდერი ბოიკოტზე უარი ეთქვა. ორივე მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდა.


ზურაბ ჟვანიამ 16 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ იგი ბათუმში ვიზიტს უახლოეს დღეებში გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button