
ინტერვიუ აკაკი ასათიანთან
ტრადიოციონალიტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მონაწილე იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელეს, აკაკი ასათიანმა მათგან გამიჯვნა ამჯობინა. როგორც ასათიანმა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აღნიშნა, იგი გეგმავს საპარლამენტო არჩევნებისათვის მემარჯვენე ტიპის მძლავრი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას.
რა იყო ძირითადი მიზეზი დღევანდელი ხელისუფლებასთან თქვენი გამიჯვნისა?
საარჩევნო კამპანიამ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გადაიხარა უკიდურესი მემარცხენეობისაკენ. მათი ლოზუნგები იყო ნაციონალიზაციის, მიწის გადასახადის გაუქმების, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გადასახადების გაუქმების და რაც მთავარია ამ ფონზე ხელფასების და პენსიების ორჯერ გაზრდის შესახებ. იგივეს პირდებოდა ხალხს სტალინი, ლენინი, ტროცკი და მსგავსი მოღვაწეები. საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ვიკავებდით თავს “ბურჯანაძე-დემოკრატების” ხათრით პოლემიკისაგან.
მე ვთვლი, რომ ხალხს უნდა Eეთქვას სიმართლე, უსაფუძვლო დაპირებები ეს არის ცეცხლთან თამაში. მე ვუთხარი ჩვენ პარტნიორებს – “ბურჯანაძე-დემოკრატებს”, თუ ისინი შეუერთდებოდნენ სააკაშვილს და ამ გზით ივლიდნენ, მე ვერ ვიქნებოდი მათთან ერთად.
მე ვიცოდი და თავად სააკაშვილმაც იცოდა, რომ მისი ლოზუნგებიდან, იდეოლოგიიდან და მეთოდებიდან გამომდინარე არ ვიდგებოდი მასთან ერთად. სააკაშვილი დაათრო “მიშა”, “მიშას” შეძახილებმა, ბელადომანიამ. მისი პოპულისტური ლოზუნგები, არათანმიმდევრული პოლიტიკური ნაბიჯები, ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქადის ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა.
საჭიროა სტრუქტურული რეფორმები, მინისტრთა კაბინეტი, კოალიციური მთავრობა, მაგრამ მე მეეჭვება ეს განახორციელოს ბელადობის პრეტენზიების მქონე ისეთმა ადამიანმა, როგორიც სააკაშვილია. მე მაწუხებს მისი აბსოლიტური უპასუხისმგებლობა და არაპროგნოზირებადობა.
ნინო ბურჯანაძეს, ამ ეტაპისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტად. მე ვთავაზობდი ბურჯანაძეს, რომ მაინც დასახელებულიყო პრეზიდენტობის კანდიდატად სააკაშვილთან ერთად, მაგრამ ვერ გაბედა მან ამის გაკეთება.
ახალი ხელისუფლების წარმომადგენელმა, ასევე მიხეილ სააკაშვილმა, არა ერთხელ გააკეთეს განცხადებები შესაძლო კონტრ-რევოლუციის შესახებ. რამდენად რეალურია ამგვარი საფრთხე?
სრულიად უპერსპექტივოა. ვინც ამ კონტრ-რევოლუციონერებად მოიაზრებიან, არიან პოლიტიკურად გაკოტრებული ადამინები, რომელთა უკან არავითარი ძალა არ დგას. მათ ვერ გაიაზრეს, რომ დამთავრდა შევარდნაძის ეპოქა.
მე ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლება თავად ქმნის უსუსური ადმიანებისაგან პრობლემას. მიდის მტრის ხატის შექმნის მცდელობა. რა ფაქტორს წარმოადგენს დღეს სარიშვილი, ნათელაშვილი ან სოციალისტური პარტია? ე.წ რევანშისტები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
თქვენ სულ ახლახანს იმყოფებოდით ბათუმში, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს ასლან აბაშიძეს შეხვდით. რაში დასჭირდა ასლან აბაშიძეს არჩევნების ბოიკოტის თემის წინ წამოწევა და ხომ არ იყენებს აბაშიძე ამ თემას ახალ ხელისუფლებასთან სავაჭროდ?
შეიძლება ბოიკოტის თემის წამოწევა ასლან აბაშიძის მხრიდან მართლაც არის ვაჭრობა, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. ეს შეიძლება მის პარტიას ეთქვა და არა აჭარის ავტონომიას. არის რამოდენიმე პარტია, რომელიც აცხადებს ბოიკოტს. ჩემთვის საპრეზიდენტო არჩევნებზე აბსოლუტურად მიუღებელი კანდიდატები არიან, მაგრამ ჯობს აირჩეს პრეზიდენტი, თუნდაც არანორმალური, მაგრამ მაინც აირჩეს და ნუ იქნება ხელისუფლების ვაკუუმი.
4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტი აჭარის რეგიონის მიერ ნიშნავს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების რიგში ჩადგომას.
მე ასლანთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ბათუმში ყოფნისას ვუთხარი ჩემი მოსაზრებები ბოიკოტთან დაკავშირებით. მე ვეცადე, რომ ნიადაგი შემემზადებინა ბურჯანაძე-აბაშიძის შეხვედრისათვის (რომელიც 10 დეკემბერს ბათუმში უშედეგოდ დასრულდა).
აბაშიძემ მოითხოვა საპრეზიდენტო არჩევნების გადადება, რაც ჩემი აზრით არის შეუძლებელი, რადგანაც ჩვენ უნდა ჩავეტიოთ კონსტიტუციის ფარგლებში (რომლის მიხედვით ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტის გადადგომიდან 45 დღეში უნდა ჩატარდეს).
საპარლამენტო არჩევნების გადადებზე, რაც აბაშიძის კიდევ ერთი მოთხოვნაა, საერთო ენის გამონახვა შეიძლება. საპარლამენტო არჩევნების გადადება პოლიტიკურ ლოგიკას ექვემდებარება.
რამდენად მნიშვნელოვანია აბაშიძის როლი ქართულ პოლიტიკაში?
მნიშვნელოვანი ფიგურაა ყველა შემთხვევაში. მოდით ვთქვათ პირდაპირ, რომ მან აჭარა გადაარჩინა იმ ქაოსისაგან, რაც საქართველოს 1992-93 წლებში დაატყდა თავს. თუმცა ეს დაჯდა იმის ფასად, რომ ავტორიტარული მეთოდების გამოყენება გახდა საჭირო. იმისათვის, რომ აბაშიძეს მოეგერიებინა საფრთხე, გახდა საჭირო ნაკლებად დემოკრატიული პოლიტიკის გატარება, თუმცა დემოკრატიულობა აჭარაში მაშინ გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის.
რბილად, რომ ვთქვა აბაშიძის მმართველობა გადაიზარდა უფრო ხისტ მმართველობაში, ვიდრე დემოკრატია გულისხმობს. შევრდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში იკვეთებოდა, რომ ორი ადამიანი თითქოსდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რეალურად დამოკიდებული იყვნენ ერთმანეთზე.
შევადრნაძის გადადგომამ, რა თქმა უნდა ავტომატურად დასვა ასლან აბაშიძის საკითხი. მე ვფიქრობ, აბაშიძემ უნდა დაძლიოს თავისი თავი და მოახდინოს მმართველობის სტილის მოდერნიზება, მეთოდების, სტრუქტურების და დემოკრატიული საფუძვლების ევროპულ რელსებზე გადაყვანა უნდა მოახერხოს. მე იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ამას.
აქვს კი აბაშიძეს ამის ნება?
ნების საკითხი მოკლე ხანში გამოჩნდება.
რას აპირებს ტრადიოციონალისტთა კავშირი საპარლამენტო არჩევნებისათვის და როგორ გესახებათ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება?
მე ვფიქრობ საპარლამენტო არჩევნები აპრილისთვის ჩატარდება. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოასწრონ კარგად მომზადება არჩევნებისათვის. უნდა დადგინდეს საარჩევნო სიები და კომისიები უნდა შედგეს პარიტეტულად – რეალური ძალის მქონე პოლიტიკურ პარტიას თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს საარჩევნო ადმინისტრაციებში.
საეჭვოა, რომ აბაშიძემ კვლავ შემოიკრიბოს გარშემო სერიოზული პოლიტიკური გაერთიენება და შექმნას საარჩევნო ბლოკი.
მე არ გავერთიანდები არავისთან ვინც ჩემს პრინციპებს არ გაიზიარებს. თუმცა არიან ისეთი ძალები, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია. დღესდღეობით ამ მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან, რომლებმაც თავიდან მოიშორეს ირინა სარიშვილი-ჭანტურია. ეს საკმაოდ მდიდარი ტრადიციების და ძლიერი სტრუქტურის პოლიტიკური გაერთიანებაა.
ასევე კონსულტაციები დაწყებულია “ახალ მემარჯვენეებთან” და სხვა ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. თუკი საპარლამენტო არჩევნებისათვის ეს გაერთიანება შედგება, გარწმუნებთ, რომ ეს იქნება საკმაოდ ძლიერი მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ძალთა გაერთანება, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის საპარლამენტო არჩევნებზე.