ახალი ამბები

სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გეგმების შესახებ ისაუბრა


(თბილისი, 10 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სპორტის სასახლეში გამართულ მოძრაობის ყრილობაზე სამომავლო გეგმები გააცნო დამსწრე საზოგადოებას.
 
“შევარდნაძის ეპოქა დამთავრდა და ამას ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ახლა უნდა დავიწყოთ ახალი ქვეყნის მშენებლობა, მაგრამ ამას მარტო ჩემი ხელები არ ეყოფა, ამისათვის თქვენი ხელებიცაა საჭირო. ხელისუფლების შეცვლით საქართველოში არ უნდა მოხდეს კლანების ჩანაცვლება. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ სააკაშვილის, მაჭავარიანის, ბურჯანაძის ნათესავები მოვიდნენ თანამდებობებზე, ეს ადგილები ნიჭიერმა ხალხმა უნდა დაიკავოს” – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, მთავარია მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთანაც. “ჩვენ მზად ვართ დავივიწყოთ ის რაც რუსებმა გაგვიკეთეს აფხაზეთში, ცხინვალში და მრავალი სხვა, მაგრამ იმ პირობით თუ მიხვდებიან, რომ საქართველო მათი ვასალი და მონა არ არის” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
იგი ასევე მზად არის შეხვდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან ასალნ აბაშიძესთან. “მზად ვარ წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას იგი ვერ წაიღებს თან. შევარდნაძესაც ეგონა, რომ საქართველო მას ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ასე არ არის, ასევეა ასლან აბაშიძესთან მიმართებაშიც. ვინც ბლოკადის თემას წამოწევს ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
იმ შემთხვევაში თუ 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს, იგი საზოგადოებას ჰპირდება საქართველოს გამთლიანებას.


“საქართველოში 4 ინავრიდან ახალი ეპოქა დაიწყება და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ფსოუს ჩათვლით მოხდეს საქართველოს გამთლიანება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ასევე ყველა იმ პირს ვინც არჩევნების წინ ვითარების გართულებით იმუქრება მოუწოდა არ გადადგან ეს ნაბიჯი.

მსგავსი/Related

Back to top button