
ბურჯანაძე და აბაშიძე არჩევნების და ახალი სავიზო რეჟიმის საკითხებს განიხილავენ
მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც იგი მოლაპარაკებებს მართავს აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან. ბურჯანაძე შეეცდება დაარწმუნოს აბაშიძე ბოიკოტი არ გამოუცხადოს 4 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. მოლაპარაკებების დროს, როგორც მოსალოდნელია, მხარეები სწორედ არჩევნებისა და ახალი სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხებს განიხილავენ. თბილისი შეშფოთებულია მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის 9 დეკემბერს შევიდა ძალაში. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ერთკვირიანი ვიზიტი მოსკოვში. რუსმა დიპლომატმა განმარტა, რომ “ამჟამად სიტუაცია საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებით საკმაოდ სტაბილურია აჭარაში. საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ კი შესაძლოა მთელ ტერიტორიაზე მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება ან საერთოდ გაუქმებაც კი.” “მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას ნიშნავს”, – განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 9 დეკემბერს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აჭარის მოსახლეობას ექნება საშუალება რუსეთის ვიზები რუსეთის აეროპორტში მიიღონ, მაშინ როცა საქართველოს სხვა მოქალაქეებს კვლავ თბილისში რუსეთის საელჩოს წინ მოუწევთ რიგებში დგომა ვიზების მისაღებად. “ჩვენ მივესალმებით სავიზო რეჟიმის გამარტივებას აჭარისთვის და ასევე მივესალმებით ანალოგიურ გადაწყვეტილებას საქართველოს მთლიანი ტერიტორიისთვის. თუმცა, ჩვენ გვაშფოთებს ის ფორმა, რომლითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რუსულმა მხარემ არ აცნობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ამის თაობაზე წინასწარ, რაც მიუღებელია”, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ გახოკიძემ 9 დეკემბერს. რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2000 წლის 5 დეკემბერიდან შევიდა ძალაში. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი არ შემოიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რამაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე დღეს საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალურად დაიბარა თბილისში, რათა კონსულტაციები გამართოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბოიკოტის მუქარა როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები ნინო ბურჯანაძესა და ასლან აბაშიძის შორის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრად უფრო რთული იქნება. ასლან აბაშიძემ, რომელიც არ სცნობს არსებულ ხელისუფლებას და მას უკანონოს უწოდებს, განაცხადა, რომ იგი ბოიკოტს გამოუცხადებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, თუ ხელისუფლება მათ ივნისამდე არ გადადებს. დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ როგორც აღორძინების პარტიის ლიდერს ასლან აბაშიძეს აქვს უფლება ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს. “მაგრამ არჩევნების ბოიკოტირება აჭარის რეგიონის მიერ კონსტიტუციის დარღვევა იქნება”, – განუცხადა ხმალაძემ “სივილ ჯორჯიას”. როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი აღნიშნავს, აბაშიძე ბოკოტის მუქარით ცდილობს ვაჭრობა აწარმოოს ახალ ხელმძღვანელობასთან, რათა თავისი ერთპიროვნული ძალაუფლება შეინარჩუნოს აჭარაში. შევერდნაძის ათწლიანი მმართველობის პერიოდში, აბაშიძემ შეძლო აჭარაში ერთპიროვნული ძალაუფლების დამყარება და მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა თბილისში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, აბაშიძე ყველანაირად ცდილობს ამ ძალაუფლების შეინარჩუნებას. მან ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, აბაშიძე უარს ამბობდა ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადახდაზე. თავისი ძალაუფლების გაზრდის მიზნით, აბაშიძის კონტროლის ქვეშ მყოფმა ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციაში 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაუყონებლივ შეიტანა ცვლილებები, რის შედეგადაც აბაშიძეს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო მეთაურის წოდება მიენიჭა. აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს უფლება შექმნას თავისი საკუთარი სამხედრო შენაერთები, თუმცა ეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. შევარდნაძემ არჩია თვალი დაეხუჭა აჭარის საეჭვო ქმედებებზე ასლან აბაშიძის პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. “მე მზად ვარ აბაშიძესთან კომპრომისზე წავიდე, თუმცა არა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე”, – განუცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 9 დეკემბერს ჟურნალისტებს. “ტრადიციონალისტების” ლიდერმა აკაკი ასათიანმა, რომელიც “ხავერდოვანი რევოლუციის” ლიდერებს გამოეყო მას შემდეგ, რაც მათ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, ასევე გამართა მოლაპარაკებები ასლან აბაშიძესთან გასულ კვირას. მისი თქმით, კომპრომისის მიღწევა დროებით მთავრობასა და აჭარის ლიდერს შორის ძალიან რთული იქნება. “მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა არც მგონია, რომ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა აკაკი ასათიანმა 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე. ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკურმა ოპონენტებმა გასულ კვირას მომავალი არჩევნების თაობაზე კონსულტაციები გამართეს აჭარის ლიდერთან. სახელისუფლებო ბლოკის ყოფილმა სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და სოციალისტური პარტიის ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა (რომელიც უკვე გადადგა პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან) 6-7 დეკემბერს ცალ-ცალკე მოლაპარაკებები გამართეს ასლან აბაშიძესთან ბათუმში. მათი განცხადებით, ისინი ეთანხმებიან ასლან აბაშიძის მოთხოვნას არჩევნების გადადების თაობაზე.
რუსეთის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები აბაშიძესა და ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას შორის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ის “ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად” შეაფასა.
საქართველოს ხელმძღვანელობამ რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი 9 დეკემბერს დაიბარა, რათა რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოეხატა.
“კანონის თანახმად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს არჩევნების ჩატარებას საარჩევნო უბნების გახსნით და ა.შ. შემდეგ უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული მიიღებს იგი მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა”, – განაცხადა ხმალაძემ.